ბაობაბების ამბის ცუდი ფინალი დღეს გაცხადდა. კენიიდან ჩამოტანილი უნიკალური ხეები, რომლებიც, დაახლოებით, 4 ათას წელს ცოცხლობს, დენდროლოგიურ პარკში 10 თვეში გახმა. რვიდან ვერცერთი გადარჩა. არადა ივანიშვილმა ბაობაბების ჩამოსატანად მთელი კენია ააწრიალა და დასავლეთ საქართველოს პარალიზება მოახდინა, რომ როგორმე ხეები დენდროლოგიურში მიეტანა. ახლა გიგანტური ხეების ადგილი მძიმე ტექნიკით არის მოსწორებული.
დენდროლოგიურმა პარკმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში წერია, რომ მიზეზი ხეების ტრანსპორტირებისას შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები გახდა, რაც თავის მხრივ პარკის წინააღმდეგ მისი შექმნის დღიდან ოპოზიციის, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას უკავშირდება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ამავე კამპანიის ფარგლებში თითქმის ორი წლის განმავლობაში ბაობაბებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა კენიაშიც. აღნიშნულ პერიოდში კი ხეები შეუსაბამო პირობებში იყო. განცხადების მიხედვით, კენიის სასამართლოში დავა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შექმნილი ხელოვნური ბარიერების და არასათანადო პირობებში ხანგრძლივად ყოფნის გამო რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოტანიდან ექვს თვეში გახმა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის შედეგად, პროცედურების გაჭიანურებამ საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი ინტერესი დააზიანა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ პროცესში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უშუალოდ სალომე ზურაბიშვილიც იყო ჩართული.