რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ "რუსეთი მზად არის, თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს".
ზახაროვა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, წერს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, მხარეებს შორის დისკუსიაა საჭირო.
რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, ასევე ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის ხელი შეუწყოს, რათა მათ საერთო რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.