2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას ვრცელი განცხადებით ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყება ამბობს, რომ საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა.
მათივე განცხადებით, რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში.
"7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
რუსულმა ოკუპაციამ ეს ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს, პერსპექტივა არ არის და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.
საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ე.წ. "ბორდერიზაცია", ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება.
რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილს.
რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკისა, რომელსაც ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში", - წერია განცხადებაში.უწყება აღნიშნავს, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან გამკლავება და მისი იძულება, დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე უზრუნველყოფა, რომ დაისაჯონ რუსი დამნაშავეები.