რეზონანსი
25.07.2024

ეს სიმართლეა, რომ ომში ჩართვის ინტერესი არსებობს ამ ქვეყნის, რაღაც გარკვეული ძალების მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს.

„მოდით, საზოგადოებას შევთავაზოთ ასეთი მსჯელობა, როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე. ერთი ვერსიაა, რასაც „ხალხის ძალა" ამბობს და ჩვენც ამას ვიმეორებთ. ეს სიმართლეა, რომ ომში ჩართვის ინტერესი არსებობს ამ ქვეყნის რაღაც გარკვეული ძალების მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე? რომელიმე ჟურნალისტმა, მაგალითად, საკუთარი ვერსია თქვას, თუნდაც რაღაც უტოპიური. ვიმეორებ კითხვას, როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა. იყო კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა საქართველოს მიმართ, უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ნეგატიურ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი ვნახეთ, უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე.

დღესაც გვესმის სხვადასხვა მხრიდან, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო კრიტიკა. მეორე მხრივ, ნეიტრალური პოზიციიდან ვთქვათ, არსებობს ვერსია, ვერსია დავარქვათ, ამის იქით არ წავიდეთ თუ გნებავთ, რომ ომში ჩართვის ინტერესია. არა? არ არის ასე? მაშინ რა ინტერესია? უსამართლო კრიტიკის საფუძველი რა არის. ვინმეს შეგიძლიათ დამისახელოთ მეორე ვერსია? რადგან ასეთი სხვა ვერსია არ არსებობს, ის ერთი ვერსია არის სწორი, მართალი, სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოს მიმართ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან, ეს არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც ასე ვუწოდებთ ჩვენ პირობითად, მათი მხრიდან, აი, ამ კონკრეტული ძალების მხრიდან, არის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს. მაშინ ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ და ვიმსჯელოთ იმ ვერსიაზე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×