
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი ინტერესი ადამიანის უფლებები დაიცვან, პატიმრების უფლებები დაიცვან.
„მათი ერთადერთი ინტერესია დეზინფორმაცია გაავრცელონ საზოგადოებაში და ჰგონიათ, რომ დეზინფორმაცია შედეგის მომტანია მათთვის. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ძალიან ცდებიან", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მიმდინარე კვირაში „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა გაიმართება. რიგგარეშე სხდომაზე კი პროექტის მიღება პირველი მოსმენით იგეგმება. ამნისტია შეეხება სამასამდე მუხლს. თუმცა არ ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს. ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ პატიმართა რაოდენობით საქართველო ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს. რადიკალური ოპოზიცია კი ამნისტიას პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.