რეზონანსი
29.02.2024

ინიციატივები, რომელიც მოდის სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რეალურად არის გარკვეული პლაცდარმის შექმნა ზურაბიშვილისთვის, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება მის შეწყალებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარისგან განსხვავებით, მას მოუწევს ადგილობრივი მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემა ამ კითხვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა თუ რატომ შეიწყალა ზურაბიშვილმა სააკაშვილი და არა ისინი, ვინც გაცილებით უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.

„არ შეიძლება საქართველოში დღეს ვინმეს უთხრათ, რომ ევროპელობა ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილი არ აგებდეს პასუხს, მას ჰქონდეს პრივილეგია, გარკვეული ჯავშანი და არ იყოს პასუხისმგებელი ჩადენილი მძიმე, დადასტურებული, მათ შორის, კორუფციული დანაშაულებისთვის. გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა სტრასბურგის სასამართლომ და აქაც ეჭვი არ არსებობს ვის მიერაა ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, სალომე ზურაბიშვილს სჭირდება გარკვეული პლაცდარმი და შემზადება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს რაიმე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

„გამიხარდება თუ მეშლება, მაგრამ პრეზიდენტს უბრალოდ სჭირდება გარკვეული პლაცდარმი, გარკვეული შემზადება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს რაიმე არგუმენტი, რადგან საქართველოში უბრალოდ ვერ გაყიდის იდეას, რომ სააკაშვილის შეწყალება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. შეიძლება ვინმე დააჯეროთ სხვაგან, ვინც არ იცის ეს ადამიანი რას აკეთებდა საქართველოში, როგორია განწყობები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოში ეს ვერ გაიყიდება. ამიტომ ბუნებრივია საჭირო არის რაღაც ახალი ფაქტორები. მე მეშინია იმის, რომ ამან შეიძლება საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს ნიჰილიზმი, ფრუსტრაცია, ნეგატიური დამოკიდებულება, რადგან არ მგონია, საქართველოში ვინმეს არ შეეძლოს კითხვის დასმა, რატომ უნდა ასოცირდებოდეს „კასტილიანი" კაცის მფარველი პრეზიდენტი პროევროპულ ღირებულებებთან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×