რეზონანსი
28.02.2024

მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პოლიტიკური ძრავი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

ბაჩო დოლიძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო“.

„იდეოლოგიური ერთობა, როგორც იყო შევარდნაძის პერიოდში, დღესაც არის, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვაერთიანებთ საზოგადოების ინტერესს, რომ ჩვენი ადგილი ისტორიულად არის ევროპაში. მისწრაფება – ევროინტეგრაციის გზა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ერთობაა, რომელიც შეიძლება არსებობდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით იდეოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მყარი, გამართული პოზიცია გვაქვს. ვინმე თუ მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ არ გავერთიანდით, რეზულტატის დადება შეუძლებელია, მე პირიქით მგონია. ცალკე ჯგუფები თუ არ შეიქმნა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე რეზულტატის დადება რთული იქნება. ამიტომ ცალკე პოლიტიკურ ჯგუფებს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვთ, შექმნან მიზიდულობის ცენტრი. ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებ ისტერიას, რომ სხვა თუ არ მიიერთე, პროცენტი იკარგება. რა თქმა უნდა, ამაში არის ლოგიკა, თუმცა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ხედავენ, რომ ვერ ლახავენ ბარიერს და „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება წავიდეს ხმები, პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობისაგან. არ მგონია, ხმების თვალსაზრისით, ჩვენზე ყოფილიყო საუბარი. კრიტიკა არ იყო, პირიქით, კითხვა იყო დასმული, ახალი პოლიტიკური სუბიექტების წარმოქმნით დაკარგავს თუ არა ხმებს „ნაციონალური მოძრაობა“ და აბსოლუტურად მოსალოდნელი ამბავია. გინდა-არ გინდა, დიდი ჯგუფი გამოეყო. თავი უნდა მოვიტყუოთ, რომ არავითარი ზიანი არ მიუღია, შეცდომა არ იყო გამოყოფა. გააგდეს ნიკა მელია. პირდაპირ ეთერში ბევრი სკეპტიკურად მოსაუბრე მხვდებოდა, მაგრამ დღეს ყველა ცდილობს, ჩვენ გვერდით პოზიციონირდეს. მოლოდინი საკმაოდ დიდია, საკმაოდ ამბიციურად ვართ. პანაცეა კი არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველას ჰქონდა თავისი როლი, ვინ უფრო მეტი ლიდერი იყო, საპატიო ადგილი ჰქონდა ყველას. მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პოლიტიკური ძრავი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, გაერთიანდებიან თუ არა წინასაარჩევნოდ ნიკა გვარამიასთან, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა:

„არ ვიცი, ვნახოთ, შესაძლოა, ამ კვირაშიც გაკეთებულიყო განცხადება ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდეს, მაგრამ დღეების ამბავია. რა კონფიგურაცია იქნება, ამას შევიტყობთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×