რეზონანსი
21.02.2024

ხობის რაიონის სოფელ საჯიჯში, კაცი, რომელიც 17 წელი ციხეში იჯდა, ახლა სოფელს ატერორებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ადგილობრივების ცნობით, აღნიშნული პიროვნება ციხეში სასჯელს მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა, შემდეგ კი ფსიქიკურად შეურაცხადის სტატუსი მიიღო. მათივე ცნობით, ის წლებია უკვე სოფლის მოსახლეობას აშინებს, ემუქრება, თანასოფლელებს უკანონოდ ართმევს მიწებს, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში, კახა ურადმყოფელი წერს, რომ დაზარალებულია თსუ-ს პროფესორი, თამარ ქარაია და მისი დედა:

"რასაც ახლა წაიკითხავთ, საშინელებათა ფილმის სცენარი არ გეგონოთ! ეს ყველაფერი რეალურია და ჩემი და ბევრი თქვენგანის მეგობარი, თსუ-ს პროფესორი თამარ ქარაია ძალიან დიდ განსაცდელში და საფრთხეშია.

თამარის მშობლიურ სოფელში (საჯიჯაო, ხობის რაიონი) ცხოვრობს კაცი, რომელიც 17 წელი იჯდა ციხეში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, არაერთგზის ყაჩაღობის ბრალდებით. ბოლოს სიმულიანტობით მოიპოვა ფსიქიკურად შეურაცხადის სტატუსი (90-იანი წლების შესაძლებლობებით) და ასე გამოაღწია ციხიდან.

ამ შეურაცხადის სტატუსით მოიპოვა ხელშეუხებლობა, წლებია აშინებს და ავიწროებს სოფელს: ყველას, რიგით მოქალაქეს, საჯარო მოხელეს თუ ორგანოს თანამშრომელს ემუქრება, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას! (ამის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა) შეავიწროვა მეზობლები, წაართვა მათი კუთვნილი მიწა, შემოღობა ტერიტორიები უკანონოდ!

ასევე, მეზობელ ნაკვეთებზე არ აძლევს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საშუალებას, მისი პირუტყვი აჩანაგებს გაშენებულ ვენახს, თხილს თუ სიმინდს! არ იხდის არანაირ გადასახადს და ვერავინ უბედავს ვერც მოთხოვნას და ვერც კომუნალურების ჩაჭრას! აქვს სოციალური დახმარება! ჰყავს მანქანა და ჩვეულებრივ გადაადგილდება! მიუხედავად არაერთი ადამიანის შევიწროებისა, წლების მანძილზე ვერავინ გაბედა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, იმიტომ რომ ყველას აშინებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შურისძიებით!

მისი სტანდარტული ტექსტია - "17 წელი ვიყავი ციხეში, ვერ შემაშინებთ, შეურაცხადი ვარ, დავბრუნდები და დიდიან პატარიანად გადაგწვავთ", "შუბლს გაგიხვრეტთ".

თამარის ასაკოვანი დედა, მისი უშუალოდ დარჩენილი ერთ-ერთი მეზობელია. მიუხედავად წლების მანძილზე უდიდესი ზეწოლისა, რაც მისი ნაკვეთების ღობის მორღვევასა და პირუტყვის საბალახოდ შეშვებაში გამოიხატებოდა, ბოლო 10 დღეში ყველაფერმა პიკს მიაღწია და ამ კაცმა პირდაპირ გადმოანგრია ღობე, შემორეკა საქონელი. ასევე, კატეგორიულად მოსთხოვა თამარს დაეთმო მისი ეზოს ნაწილი საქონლის გადასარეკად, რეალურად კი მიზანი თამარის ასაკოვანი დედის შევიწროება და იძულებაა, რომ საბოლოოდ დათმოს სახლ-კარი.

მოვლენების პიკი 15 თებერვალი იყო, როდესაც პროვოკაციის მიზნით თამარის ჭიშკართან მიმოფანტა ნაგავი. თამარი შეეცადა შეწინააღმდეგებას, მაგრამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა რომ შუბლს გაუხვრეტს მასაც და დედამისსაც, რომ არავისი ამქვეყნად არ ეშინია (არსებობს ამის ჩანაწერი, ადასტურებენ მოწმეები, რომლებიც ამ დაპირისპირებას შეესწრნენ და მოხვდნენ ამ ვიდეოჩანაწერში). ეს ყველაფერი ადგილზე მისულ პოლიციასთანაც გაიმეორა, პოლიციას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეეცადა გაქცევას. პოლიცია ამჯერად იძულებული გახდა დაეკავებინა.

მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა იარაღი, მათ შორის პისტოლეტი, ტყვია-წამალი, ხელყუმბარის და ავტომატის ნაწილები.

თამარის დედას ამ ყველაფრის ფონზე განუვითარდა ინფარქტი და ინსულტი და ახლა ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. წუხელ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. განუვითარდა პარალიზი და პარეზი. თამარს მარტოს მოუწია გაეკეთებინა ის, რაც საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავის დროზე არ გააკეთა და ამ უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე ტერორის ბუდის მოწყობას. ეს ტერორი ახლაც გრძელდება, ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა დამნაშავის დაბრუნების, დაპირებული შურისძიების და ამიტომ დუმილს ინარჩუნებს. თამარი ახლა უნივერსიტეტში უნდა იყოს და არა საავადმყოფოში! ! ამ კაცი გარეთ ყოფნა არ შეიძლება! თამარს არ უნდა ეშინოდეს ხვალინდელი დღის! სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს! გთხოვთ ვისაც რაიმე ზეგავლენა შეგიძლიათ ამ საქმეზე, იმოქმედეთ." - ნათქვამია პოსტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×