რეზონანსი
21.02.2024

აითაჯის მამა ამტკიცებს, რომ მის 14 წლის ქალიშვილს გათხოვებაზე უარი არ უთქვამს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისა შახმიროვმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკანონო ნიშნობას თავადაც სწერებოდა.

კაცი, რომლის შვილიც მოძალადე ე.წ. ქმარმა მოკლა, დღეს ირწმუნებოდა, რომ აითაჯის გათხოვებას მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ აპირებდა,  ბოლო დროის გახმაურებულ საქმეზე რუსთავის სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

"ხანდახან მქონდა ბავშვებთან სატელეფონო კომუნიკაცია, 2023 წლის თებერვალში სახლში რომ მივედი მაშინ  გავიგე, რომ გოგოს გათხოვებას აპირებდნენ. მანქანა გაჩერდა სახლთან,  ვიკითხე, ვინ იყვნენ და მითხრეს, რომ ბეჭედი და 5-6 საჩუქარი ჰქონდათ. გავიგე, რომ 18 წლის რომ გახდებოდა, მერე უნდა წაეყვანათ,სუფრაზე ვისხედით ცოტა დავლიეთ, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს, არც მახსოვს ვინ იყო თანახმა და ვინ თქვა კი.  აითაჯისთვის ბიჭის თაობაზე მე არაფერი მიკითხავს, არც მის ოჯახზე.

ჩვენს  ადათ-წესებში მამა არ ეკითხება შვილს ქორწინება უნდა თუ არა. არ ვიცი, ვინ თქვა ქორწინებაზე კი. ბეჭედი რომ გაუკეთეს, აითაჯს მერე ჰკითხეს უნდა თუ არა ამ ბიჭთან, მან თქვა  კიო. 13 წლის გოგო პატარა ხომ არ არის, თვითონ შეეძლო ეთქვა დიახ ან არა" - თქვა მოკლულის მამამ. 

საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა  27 წლის ასიმ ასლანოვმა სასიკვდილოდ დაჭრა და გაქიცა.  კაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შეიარაღებული მოძალადის დაკავება 10 ოქტომბერს მოხერხდა. 

მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდოლობდა. 

საქმის მასალების მიხედვით, აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი ასიმ ასლანოვზე დანიშნეს.

სასამართლომ აითაჯის დედა, ეგანე მაგარამოვა და მის ძმა, ნადიკ მაგარამოვა პატიმრობაში გაუშვა. 

ბრალდება და-ძმას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×