ნიდერლანდების პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელმაც ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 32 წლის ქართველს, შოთიკო საკანდელიას. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.
"ამბები" თორნიკე მანველიძის მეგობარი ესაუბრა:
"თორნიკეს ახლოს ვიცნობ და ვერ ვხვდები, რა მოხდა, გაოგნებული ვარ... მთელი დღეა კონსულთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვუკავშირდები, ყველას მივწერე და მასთან მამისამართებენ. მეც ის ვიცი, რაც ყველამ. თორნიკესგან მსგავსი რამ არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელია, ვინც იცნობს, ამაში ყველა დამეთანხმება. იქნებ რაღაც შეცდომაა?! ის საოცრად მშვიდი, ზრდილობიანი და გაწონასწორებული ადამიანია... ეს თუ სიმართლეა, თავში არაფერი მომდის აზრად, რამ გამოიწვია მისი ეს საქციელი?
არც ის ვიცი, იცნობდა თუ არა, ან რა აკავშირებდა გარდაცვლილთან. თორნიკე პოკერის ტურნირზე მარტო არ წასულა, მისი მეგობარი გოგონა ახლდა. მასზე არაფერი ვიცით, არც ის ჩანს. ბოლოს, გაფრენის წინ ვნახეთ ისინი, გუშინ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევეხმიანე, დღეს დილით კი ეს ამბავი სრულიად შემთხვევით, ტელევიზიით გავიგე. ის და თორნიკე წელს უკვე მეორედ იყვნენ ჰოლანდიაში ტურნირზე, ყველგან თან დაჰყავდა.. მხოლოდ ის მინდა, რომ გავიგო, სად და როგორაა ჩვენი მეგობარი გოგონა, დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს“.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.
ambebi.ge