
ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ნამდვილად შეიმჩნევა ინსტიტუციების დისკრედიტაციაში და მათი მუშაობის ხელისშეშლაში, რაც ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მაგალითზე გამოიკვეთა, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ვეტო, რომელიც ამ შემთხვევაში დადო კანონპროექტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინსტიტუციის გამართულად მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დაიძლევა. ამის ლეგიტიმური და კონსტიტუციური უფლება გვაქვს. ამ ვეტოს დაძლევას ექნება თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური ახსნა, რომელსაც საზოგადოება მოისმენს. არავის მივცემთ უფლებას, ინსტიტუციების ბოიკოტირება განახორციელოს", - განაცხადა წილოსანმა.
პარტია „ქართული ოცნების" განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.