რესტორანი "რეტრო" 30 ათასი ლართ დაჯარიმდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
"კომპანია დაჯარიმდა 30 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში კომპანიის 3 ობიექტი. უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, დაევალა, რომ ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ, ვგულისხმობ, როგორც ზეგანეკვუთეთური შრომის ანაზღაურებას, თუ სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს",- განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რესტორან "რეტროს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში" თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.