ველისციხეში 26 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოკლულის მეგობარი საუბარში ვარაუდობს, რომ მირზაშვილს მძინარეს ჩაარტყეს ურო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
"ვფიქრობ მძინარეს [ჩაარტყეს], რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს [ჭიდან]", - ამბობს მეგობარი.
მკვლელობაში ბრალდებულები არიან გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი. აღსანიშნავია, რომ სულხანიშვილი მოკლულის ნათესავია.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მირზაშვილს სულხანიშვილის ვალი ჰქონდა და კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა ეს ყოფილიყო, უარყოფს მოკლულის დედა. თუმცა ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები მას შვილის ტელეფონიდან წერდნენ, მას შემდეგ, რაც მკვლელობა მოხდა.
"მწერდნენ როგორც გიორგი - რომ მივდივარ მონასტერში და მართლა აპირებდა წასვლას, ამიტომ არ შემპარვია ეჭვია. ასევე მწერდნენ, რომ გიორგი სულხანიშვილი აპირებს ჩივილს და დაუბრუნე ფულიო. არ დამიბრუნებია, რა თქმა უნდა, რადგან ვალის ამბავი გარკვეული მქონდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე ცოცხალი არ იყო", - ამბობს მოკლულის დედა.
ცნობისთვის, 25 წლის გიორგი მირზაშვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ახალგაზრდა ბიჭი რუსთავიდან იანვარში გაუჩინარდა და არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. გიორგი რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდა, ოჯახის ახლობელმა პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც დანაშაული გაიხსნა, დამნაშავეები დააკავეს და საქმის უმძიმესი დეტალებიც გაცხადდა.