
ბრაზილიაში მოკლული მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. როგორც მისი ოჯახის ახლობლები "მთავარ არხთან" ჰყვებიან, საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა.
რამდენიმე საათის წინ ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ის გემის ინჟინერი იყო.
მედია წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 41 წლის უოლას დე ოლივეირა გომესი, რომელიც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების მიხედვით ამოიცნეს. ის ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც სასტუმროს თანამშრომელმა პოლიციასთან განაცხადა, უოლესი და ილია სასტუმროში დაახლოებით, ღამის ორ საათზე შევიდნენ, დილის ექვსი საათისთვის კი შენობა მხოლოდ ერთმა კაცმა დატოვა.
მას შემდეგ, რაც მეორე ადამიანმა სასტუმროდან გასვლა დააგვიანა, თანამშრომელს ეჭვი გაუჩნდა და ოთახის შესამოწმებლად შევიდა. იქ კი ცხედარი დახვდა.