რეზონანსი
01.04.2023

ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს პიროვნება, - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, სინამდვილეში ამ ახალგაზრდებს ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც საქართველოს ისტორია არ იცნობს.

მისივე თქმით, ხელმოცარულ, რადიკალ პოლიტიკოსებს, ძალიან კარგად ესმით, რომ ასეთი რამ ვერ გაუვათ სახელმწიფოსთან.

„რაც შეეხება ამ ვაიპოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნის და იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ რამეს აკეთებენ, სინამდვილეში კი მათ ფარად იყენებენ, მათი მხრიდან არის წახალისებული ასეთი სახის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს ისტორია არ იცნობს. იქ იდგნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ძმები, დები, მაგრამ მათ აზრადაც არ მოსვლიათ, ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინათ. ამაზრზენია, ვინც ასეთი ქმედებებისთვის ამ ადამიანებს გამოიყენებს, მე მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. ეს მინდა მათ იცოდნენ ძალიან მკაფიოდ, კანონზე მაღლა არავინ დგას. ისეთი სახის ქმედება, რომელიც ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიციელზე ბედავენ და ასეთი მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი, მოლოტივს კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს წვავდნენ, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, კანონი იქნება შეუვალი," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×