რეზონანსი
31.03.2023

ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის" ცრუ კამპანიაც და მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ - უკაცრავად, მაგრამ ობიექტური არ ხართ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარდგა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილის პოზიციების ეწინააღმდეგება მათ პოზიციებს, ვინც მას ხმა მისცა და „ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მოღალატეს და აგენტს ეძახდა".

„ვისაუბრებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე და ერთ ხმაზე ნალაპარაკებ ფრაზაზე - „არა რუსულ კანონს" - დღეს თქვენ ამ ნარატივის გაღრმავებას შეუწყვეთ ხელი. კანდიდატის სტატუსის არმონიჭება რადიკალური ოპოზიციის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება ნებისმიერი გზით და ფორმით, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. საქართველოს მიზნებისგან განსხვავებით. თქვენი პოზიცია ირიბად ან პირდაპირ ხომ არ ემთხვევა ამ მიზნებს? როდესაც ევროკავშირმა თავად, კრიტერიუმების დონზე აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული დაარქვით. რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს? იქნებ აგვიხსნათ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს და აგენტს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო - არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას". დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის" ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ისმება ლოგიკური კითხვა -რატომ ხდება ისე, რომ მათი პოზიცია, ვინც მხარი დაგიჭირათ, აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, მათ ნარატივს ამყარებთ",- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ზურაბიშვილმა მისი მხარდამჭერების დაკვეთა არ შეასრულა.

„კიდევ ერთი საკითხია, თქვენ ისაუბრეთ ქალი უფლებებზე. 2012 წლამდე ქალის უფლებები ვის ახსოვდა და ზოგადად, ადამიანის უფლებები? თუ რამე შეიძლებოდა ამ მიმართულებით, გავაკეთეთ. თქვენ ისაუბრეთ ამ მიმართულებით, დავიჯერებდი თქვენს გულწრფელობას ერთი წინადადებით მაინც რომ გეხსენებინათ ის ქალი ჟურნალისტები, რომელთაგან ერთი გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი, მეორე კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. რაც არ უნდა მოწოდებები და ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ, სამწუხაროდ, თქვენ მიერ ქართული საზოგადოების დაკვეთა არ შეასრულეთ, უკაცრავად, მაგრამ ობიექტურ არ ხართ. „ნაცმოძრაობის" ნარატივის გაძლიერება ობიექტურობა არაა. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზების გამაღრმავებელი. მაგრამ, საქართველო უპირველესად, ყველაფერს გააკეთებს და შეძლებს, რომ ამ რთული პერიოდის დროს ფიზიკურად გადარჩეს და მეორე - ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამისთვის ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნებს, თავმოყვარეობას, ღირსებას და ორ ფეხზე მდგარი, მყარად ივლის ევროპისკენ და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×