რეზონანსი
28.03.2023

7 თვემდეა მიდის ბრძოლა ბახმუტისთვის, რუსები 70 ათასიანი დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევასაც ვერ ახერხებენ , - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „ჯეოქეისის" მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

ვახტანგ კაპანაძის განმარტებით, რუსებს ახლა სურთ ბახმუტში ვაგნერის მიერ მიღწეული გარკვეული წარმატება ბოლომდე მიიყვანონ, რადგან სხვაგან წარმატებას ვერსად აღწევენ.

„თითოეული გოჯი მიწა არის უკრაინული და კბილებით იცავენ. ძალიან წარმატებულადაც ახორციელებენ ოპერაციას. კენიგსბერგი საბჭოთა ჯარებმა აიღო სამ თვეში, უშუალოდ ქალაქზე იერიში იყო 3 დღე, მესმის, რომ პუტინი არ არის სტალინი, მაგრამ 7 თვემდეა მიდის ბრძოლა ბახმუტისთვის. 70 ათასიანი დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევასაც ვერ ახერხებენ, თუმცა 75 პროცენტს აკონტროლებენ.

წარმოიშვა მითი ვაგნერის უძლეველობაზე, პრიგოჟინის უძლეველობაზე, ის მაქსიმალურად ცდილობს ამ მითის მიყვანას ბოლომდე. კინოების და სერიალების გადაღება დაიწყეს. მითები სჭირდებათ მათ და იყო გარკვეული წარმატებები ვაგნერის მიერ და ეს უნდათ ბოლომდე მიიყვანონ იმიტომ, რომ ვერაფერში წარმატებას ვეღარ აღწევენ. წარმატებად ხომ ვერ ჩაითვლება, რომ ერთი ქუჩა ან სახლი აიღეს. ყოველი 1 კილომეტრის დაკავებაზეც კი პრემია აქვთ, დამატებით 650 დოლარი კონტრაქტორებს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძის განმარტებით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში პასუხი იქნება ძალიან მძიმე.

ასევე, მისი თქმით, რუსეთს ომის გაჭიანურება ხელს აძლევს, რადგან დასავლეთში არჩევნები ახლოვდება და განწყობების შეცვლის იმედი აქვს.

„რუსეთს აწყობს ამ ძიძგილაობის გაგრძელება, რადგან არჩევნები მოდის დასავლეთში. განწყობები შეიძლება შეიცვალოს. დღეისათვის უკრაინა აბსოლუტურად დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე. შესაბამისად დასავლეთს გარკვეული ბერკეტები გააჩნია უკრაინაზე რაღაცების იძულებისთვის. შესაბამისად ამის იმედი აქვს რუსეთს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×