რეზონანსი
24.03.2023

სამხრეთ აფრიკის მთავრობა განიხილავს „ყველა ვარიანტს", რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დასაკავებლად გაცემული ორდერის აღსრულებას იმ შემთხვევაში, თუ კრემლის ლიდერი სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე ჩავა. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.

სცენარს, რომლის დროსაც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის ლიდერს დააკავებს, Bloomberg-ის წყაროებმა ნაკლებად სავარაუდო უწოდეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ საკითხზე იურისტებთან კონსულტაციებს მართავს.

BRICS-ი ხუთი სწრაფად განვითარებადი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა, რომელშიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შედიან. BRICS-ის სამიტი აგვისტოში უნდა გაიმართოს. მას შემდეგ რაც ICC-მ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, კრემლში განაცხადეს, რომ სამიტზე პუტინის გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკამ ხელი მოაწერა და რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც შეიქმნა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. 2015 წელს სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომლის დაკავების ორდერიც ICC-ს ასევე ჰქონდა გაცემული. ალ-ბაშირმა სამხრეთ აფრიკა თავისუფლად დატოვა.

17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×