რეზონანსი
23.03.2023

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისის გარეუბანში - მუხიანის მე-4 მიკრო ნაიონში, 42-ე კორპუსში - დილის 09:00 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.

64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. ამიტომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აქვს მიღებული.

მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა.

დანაშაულის ადგილი მუხიანის მეოთხე მიკრო რაიონის 42-ე კორპუსი დილის საათებში გახდა. აქ 64 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალდებული 39 წლის მამაკაცია. სავარაუდო მკვლელი მოკლულს იცნობდა და მოტივიც ნარკოტიკებს უკავშირდება. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სწორედ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა თქვას რა გახდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. გამოძიება 108, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×