რეზონანსი
02.02.2023

საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს - ლავროვის განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ლავროვის განცხადება არ არის ხელისუფლებისკენ მიმართული, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია.

„საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება. მით უმეტეს არ ხდება, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს, ეს ხომ პირველად არ მომხდა? კრემლის მხრიდან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ მერამდენეჯერ ხდება ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება? ეს განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არ არის არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაკეთებული და მით უმეტეს არ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის გაკეთებული, ჩვენს ხელისუფლებასთან მათ ყველაფერი გარკვეული აქვთ.

ის, რომ ომში არ ჩაგვითრიონ, ჩვენთან ტანკებიდან არ ისვრიან და ეს არის მთავარი მონაპოვარი და ამით იმდენად ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ სხვა არაფერზე ხმას არ უნდა ვიღებდეთ საერთოდ, სხვა პრობლემას არ უნდა ვხედავდეთ, ამაზე შეხმიანებაა ლავროვის მხრიდან და ერთგვარი წინმსწრებად გაკეთებული განცხადებაა, რომ „ხალხო, თუ ასე გაგრძელდება, ნუ გეშინიათ", ეს არის დამაგრება იმ პროპაგანდის, რასაც ეწევა ხელისუფლება თითქმის ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი გაქრა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერ-მინისტრი.

„ჩემთვის წყალგამყოფი არის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლა. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლით აბსოლუტურად გაქრა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეს დასრულდა. გახარია, რა თქმა უნდა, აღარ იყო, მე არ ვენდობი მოსკოვში განათლებამიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს. დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი იმიტომ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.

არასოდეს დამიმალავს მე ჩემი განწყობა მის მიმართ, ის ჩემთვის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია. ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, როდესაც გიორგი გახარია უნდოდა ბატონ ბიძინას საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მათ მინისტრის პორტფელი ვერ ჩაიბარა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×