
23 წლის დიანა ზოიძე ყოფილ მეუღლეს, დედამთილსა და მამამთილს ოჯახურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ჩადრის ტარებას აიძულებდნენ.
"2014 წლის დეკემბერში გავთხოვდი, არასრულწლოვანი ვიყავი, რის გამოც ჩემს მეუღლეს - როლანდ მახარაძეს პირობითი სასჯელიც ჰქონდა. ჩემი მამამთილი დამემუქრა, მის შვილს თუ ვუჩივლებდი, მათ მიერ შეთხზულ ჩვენებას თუ არ მოვყვებოდი, ჩემს მცირეწლოვან ბავშვს წამართმევდნენ (ბარბარე იმხანად რამდენიმე კვირის იყო). საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, დაგვიბარეს პოლიციის განყოფილებაში. დედამთილ-მამამთილს ჩვენებაში დაუწერია, რომ თითქოს მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებამდე გვქონდა სექსუალური ურთიერთობა, რომ ვიყავი მრუში, დავრჩი ორსულად და მათმა შვილმა ამიტომ წამიყვანა ცოლად - ყველაფერი თავის სასარგებლოდ დაწერეს და შეკერეს, რაც მტკნარი სიცრუეა.
ერთი კვირის შესული არ ვიყავი ოჯახში, როცა ჩემი ქმარი ფიზიკურად შემეხო. მერე მისმა დედ-მამამ გააგრძელა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. წლები გრძელდებოდა ჩემი როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური ძალადობა. მინდოდა, ჩემი მშობლებისთვის შემეჩივლა ჩემი მდგომარეობა, თუმცა მაშანტაჟებდნენ - მშობლებთან რამეს თუ იტყვი, ბავშვებს წაგართმევთ და ვეღარასდროს ნახავო.
8 წელში სამი შვილი შემეძინა. ალბათ გაგიკვირდებათ, ასეთ მოძალადესთან სამი შვილი რამ გაგაჩენინაო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მათ ოჯახში რომ შევედი, გარკვეული დროის შემდეგ, ჩადრის და შესაბამისი სამოსის ტარება დამაძალეს. თავიდან მეგონა, მეხუმრებიან-მეთქი, მაგრამ საქმე ისე წავიდა, მაიძულეს თავზე დამეხურა, რადგან „ვალდებული ვიყავი“. ჩადრის მოხდის უფლება სახლშიც კი არ მქონდა. თვითონ ქობულეთიდან ვარ, ჩოლოქში ვცხოვრობდი და ეს ძალიან მიკვირდა. ქმარს თუ რამეს შევჩივლებდი, იქეთ მლანძღავდა და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ჩემს გამო მშობლებს კარგავდა და ჩემგან არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული გავხდი, მათგან თავის დასაღწევად აივნიდან გადმოვმხტარიყავი, 17მ სიმაღლიდან. სამწუხაროდ, მქონდა სუიციდის მცდელობა, ვინაიდან ამდენი შეურაცხყოფა და ტკივილი, გამუდმებული დამცირება, დაცინვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემთვის გაუსაძლისი გახდა, ძალიან შეტოპეს და იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა.
აივნიდან გადმოხტომის შედეგად ხერხემლის მე-5 მალა გამიტყდა, გამიკეთდა ოპერაცია... მადლობა უფალს და იმ ექიმებს, ვინც ფეხზე დამაყენეს. 3 თვე ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, ნელ-ნელა დავიწყე სიარული და სადღაც ოთხი თვის მერე, კორსეტით და გამაყუჩებლებით ავედი ჩემს შვილებთან, ისიც, დიდი ჩხუბით. მანამდე მათ ყველგან დამბლოკეს, ბავშვებს ჩემი ნომერი დაუბლოკეს, რომ არ ეკონტაქტათ. არადა, ჩემი შვილები ამდენი თვე არ მენახა, არ ვიცოდი, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, როგორ იძინებდნენ და ცხოვრობდნენ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, არც არავის მოვუკითხივარ, რაც საავადმყოფოში ჩამომიყვანეს და დამტოვეს, მას მერე აღარ ვარსებობდი. ბოლოს, ბავშვების ნახვის ნება კი დამრთეს, მაგრამ წაყვანაზე ხელები გაასავსავეს. ვთხოვდი, 1 კვირით მაინც გამატანეთ ჩემთან (ჩემი მშობლების სახლში ვიყავი), ძალიან მომენატრა შვილები-მეთქი, მაინც არ გამატანეს, ბოლოს პოლიცია, ადვოკატი ჩავრთეთ და ჩემსას მივაღწიე.
რაც შეეხება ჩემს ქმარს, მისთვის ჩვენ არ გვიჩივლია, საავადმყოფოში რომ შემიყვანეს დიდი მოტეხილობებით, ექიმებმა მიმართეს პოლიციას და საქმე აღიძრა ძალადობის მუხლით", - უთხრა "ამბებს" დიანა ზოიძემ.
ambebi.ge