რეზონანსი
30.01.2023

2 წლის წინ, პარტიის ყრილობაზე ერთხმად არჩეული ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს უკვე ყოფილი თავმჯდომარის სტატუსით მივიდა, მან დამარცხება აღიარა, კონკურენტს გამარჯვებაც მიულოცა და იმ პარტიაში დარჩენაც დააანონსა, რომელიც მისივე თქმით, არაფორმალურად კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ იმართება.

შიდაპარტიული არჩევნების მოგების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა პირველი დაპირებებიც გასცა. მიხეილ სააკაშვილის შეჰპირდა, რომ მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ბრძოლას განაგრძობს. პარალელურად კი, მზადაა პარტიაში ახალი ადამიანების მისაღებად.

"ნაციონალური მოძრაობის" ნაწილმა, ხაბეიშვილის არჩევა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მელიას ფრთის ნაწილი პარტიაში რჩება და "ოპოზიციის ოპოზიციაში" ყოფნას აანონსებს.

ლევან ხაბეიშვილის არჩევას "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ თავმჯდომარის ცვლილება არ გამოუწვევია. შედეგების გამოცხადებიდან მალევე, პარტიული თანამდებობები დატოვეს ნიკა მელიას გუნდის წევრებმა. პირველივე დღეს, მინიმუმ 6 თანამდებობა ვაკანტური გახდა. მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სავარძელიც. დღის ბოლოს კობა ნაყოფიამ ამ თანამდებობაზე უარი თქვა. პარტიულ თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც, ახალი კადრით ჩანაცვლდება საორგანიზაციო მდივანიც, სტრატეგიული კომუნიკაციების და პარტიის პრესსამსახურის პოზიციებიც.

პარტიის მმართველობითი რგოლის საკუთარი რჩეულებით დაკომპლექტება, ლევან ხაბეიშვილს, თბილისის გარდა რეგიონებშიც მოუწევს. გიორგი კირთაძემ, ვისაც ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია უნდა დაეკავებინა, ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

თანამშრომლობაზე უარის თქმის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ მათთან დაპირისპირებულ მხარესთან თანამშრომლობა შეძლონ.

ვაკანტური ადგილების შევსება, ლევან ხაბეიშვილს სავარაუდოდ მისი გუნდის ახალი წევრებით მოუწევს. მათ შორის, არ არის გამორიცხული კონკურენტებთანაც გამართოს კონსულტაციები, თუმცა მათი ნაწილის პოზიცია უკვე ცნობილია. ნონა მამულაშვილი, რომელთან თანამშრომლობის სურვილს ხაბეიშვილი არასდროს მალავდა, ფიქრობს, რომ პარტიაში პოლიტიკაზე, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა.

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში, არჩევნების შედეგების მიხედვით, გავლენები მერაბიშვილი-კეზერაშვილის ხელში გადავიდა. დაიშლება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ამაზე არა მხოლოდ პარტიის, არამედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალიც დგას. შესაბამისად, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის ერთობა მნიშვნელოვანია. სააკაშვილი, რომელიც პარტიულ არჩევნებს უდროოს უწოდებდა, ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს, მელიას კი წარსული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი 52.58 %-ით აირჩიეს. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ნიკა მელიამ კი ხმების 40 % მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68 %, ნონა მამულაშვილმა კი 3.73 %. ახლა ყველა იმას ელოდება, როგორ შეძლებს ორ ბანაკად გაყოფილი ერთი პარტია ერთობლივად მუშაობას და ვინ იქნება შემდეგი, ვისაც პარტიული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×