რეზონანსი
07.12.2022

ეჭვი მაქვს, ერთგვარი სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუ როგორ გაანეიტრალონ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურად - ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, უნდა გამოვიდეს 9- ში, დავდგეთ ყველა ერთად და ვანახოთ სიმრავლე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შედეგად 30 ათასი ადამიანი გამოვიდა, ხელისუფლების რეაგირება მყისიერი იყო და ახლაც გამოსავალი ქუჩაში ხალხის გამოსვლაშია. მანჯგალაძე ამბობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" მზად არის მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს.

"როგორც სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველდღიურად იწურება მისი სასიცოცხლო რესურსი. ვიცი, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ის უკვე გადაყვანილი იქნებოდა შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში. რაც "ვივამედშია", ყოველდღიურად უარესდება მდგომარეობა და ეჭვი მაქვს, რაღაც პარალელური პროცესი მიდის, ერთგვარი სპეცოპერაცია, როგორ გაანეიტრალონ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, გაანეიტრალონ პოლიტიკურად და მიიყვანონ იმ მდგომარეობამდე რომ მან ვერ შეძლოს ვერანაირი პოლიტიკური აქტივობა, ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ მისი ქმედუუნაროდ გახდომა გადაწყვიტა, რადგან პოლიტიკურად საფრთხის შემცველ ოპონენტად თვლის მისთვის. ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად ერთობლივი ღონისძიებები და "სტრატეგია აღმაშენებელი" მზად არის ამ ერთობლივ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა მისი გადარჩენისთვის.

ერთადერთი საშუალება, რომელიც "ქართულ ოცნებას" აიძულებს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, არის ბევრი ადამიანი ქუჩაში. ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, ვფიქრობ, უნდა გამოვიდეს 9- ში, დავდგეთ ყველა ერთად, ვანახოთ სიმრავლე, რომ საქართველო არავის აძლევს უფლებას ადამიანების მოკვდინების,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×