რეზონანსი
03.12.2022

ამ აქციის ფუნქცია და ამოცანა არის მხოლოდ პოზიორობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. არის განხეთქილება და ვინ რომელ კანდიდატს, რომელ დაჯგუფებას დაუჭერს მხარს ელექტორატიდან, ამაზე მიდის ახლა მუშაობა, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გამართული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების მთავარი იდეა და მოტივი არის ის თუ ვინ უფრო მეტ შეუპოვრობას აჩვენებს პარტიის იმ მხარდამჭერებს, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობით ან მისი შემდგომი პოლიტიკური ბედით არიან დაინტერესებულები.

„რეალურად უფრო პოპულისტურია და უფრო შიდაპარტიულ ელექტორატზე გათვლილი და არა რაღაც შედეგებზე ორიენტირებული განცხადებები. ატყობთ თქვენ, რა ვითარება აქვთ, რა მდგომარეობაში არიან - იმდენად ამოწურული აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ, პრაქტიკულად, უწევთ მართლა ვიწრო ქუჩებზე აქციების დაგეგმვა მარტო იმიტომ, რომ შესაცოდი შესახედი არ იყოს ის აქციები და მასშტაბები, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. უბრალოდ, როცა ასეთი არაგულწრფელია, არანამდვილია მოტივაცია, ნაბიჯები, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერა, საკუთარივე ამომრჩევლის მხარდაჭერა ნაკლებად აქვთ ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს. ამას უნდა ხედავდნენ, თვალი უნდა გაუსწორონ. უნდა ხვდებოდნენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც არ აქვთ, მათივე მიმართ პოზიტიურად განწყობილი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი არ აქვთ ასეთი ნაბიჯების გადადგმის დროს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აზვიადებს და ამას პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად იყენებს.

„მე არც ერთ შემთხვევაში არ მინდა, რომ სააკაშვილის ოჯახთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გავაკეთო ან რაღაც დისკუსიაში და კამათში შევიდე ოჯახის განცხადებებთან, მაგრამ აბსოლუტურად მინდა გავიზიარო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსები აშკარად ცდილობენ ამ ჰუმანიტარული პრობლემის გამოყენებას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამოყენებას, მის ისე წარმოჩენას, რომ ეს არის დრამატული სცენარი და ამის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მათთვის საინტერესოა ჯანმრთელობის არა ნამდვილი მდგომარეობა, რომელიც არ არის შემაშფოთებელი და ასეთი სიგნალი არ მოსულა არსაიდან თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მიკერძოებულ განცხადებას, დასკვნას, ან რამდენიმე ექიმის მოღვაწეობას, არამედ ცდილობენ, რომ გააზვიადონ მდგომარეობა და ამ გაზვიადებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით, გადაჭრან პოლიტიკური ამოცანები. ეს არის არასწორი რამ, რასაც მიმართავენ ცალკეული პოლიტიკოსები ოპოზიციის მხრიდან, ეს არის სპეკულაცია და ეს მიუღებელი უნდა იყოს მათ შორის ოჯახისთვის“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×