რეზონანსი
30.11.2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

დაცვის მხარე ყველა პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+"-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +"-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის" დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×