
რუსეთს არ აქვს ნატოში სხვა ქვეყნების გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო მოიყვანა, რომლებიც ალიანსის წევრები გახდნენ.
სტოლტენბერგმა დაადასტურა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა - წერს გამოცემა "დოიჩე ველე"
მისი თქმით, ნატოს წევრი 30 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 29-30 ნოემბერს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე უნდა დაადასტურონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგულება ღია კარის პოლიტიკისადმი.
"ნატოს კარი ღიაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის წევრობის შესახებ კითხვის პასუხად.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი პოლიტიკით „უზრუნველყოფს", რომ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდნენ უახლოეს მომავალში.
"ჩვენ იგივე აზრი გვაქვს უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით", - ხაზგასმით აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.
„ამავდროულად, ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს. უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. პრეზიდენტი პუტინი ვერ უარყოფს სუვერენული ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. ვფიქრობ, მას ეშინია დემოკრატიისა და თავისუფლების და ეს მისთვის მთავარი გამოწვევაა...ჩვენ ყველა ვიხდით ფასს უკრაინაში რუსეთის ომის გამო. თუმცა, ჩვენ ვიხდით ფულით, უკრაინელები კი სისხლით იხდიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.