რეზონანსი
28.11.2022

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კლინიკა „ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განმარტა, შესაბამისი თხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უარს ეუბნებიან.

„მე ვიყავი დღეს სასამართლო პროცესზე. სხვათა შორის, მინდა თქვენს ეთერში პირველად ვთქვა, რომ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილთან შევიდე. დღეს არ იყო შესაძლებლობა, რომ გვენახა. მინდა ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა. ალბათ, სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება. მივმართე, [პარლამენტს] მაგრამ ჯერჯერობით უარს მეუბნებიან. არ ვიცი, რა ხდება", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სურს, სააკაშვილი გაამხნეოს და უთხრას, რომ „ბრძოლის ჟინი დაიბრუნოს".

„ვაპირებ უბრალოდ შევხვდე და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნეო, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ვფიქრობ, ამის უნარი შემწევს. ცოტა მოვაძლიეროთ ფსიქოლოგიურად, რადგან ასეთ სიტუაციაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია და განვაწყოთ ბრძოლისთვის. ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. თუ ახლა ეთერში გვიყურებს, ვეუბნები, რომ მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლის ჟინი, რომელიც გქონდა, ის უნდა გამოიჩინო ისევ", - მიმართა ვაშაძემ სააკაშვილს.

ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიციაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მოღალატეები და ფარისევლები.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილის საკითხი „ცუდი შედეგით რომ დასრულდეს საპატიმრო დაწესებულებაში, „ქართული ოცნება" იოტისოდენა განცდას ვერ იგრძნობს, პირიქით, ბედნიერი იქნება".

„ეს ადამიანები არიან სამშობლოს მოღალატეები. კოლექტიური გოგა ხაინდრავები. კოლექტიური გოგა ხაინდრავებისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე სინდისის ქენჯნას, პირიქით. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვლება, ისინი ბედნიერები იქნებიან. საღამოს ამ საკითხზე დიდ სუფრას გაშლიან. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ესენი ადამიანები არიან? - ისინი არიან ფარისევლები, მოღალატეები", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და "ციხიდან გამოსაყვანია".

„მართლაც მძიმეა ამ ადამიანის მდგომარეობა და სწრაფად არის გამოსაყვანი ციხიდან. ამისთვის ორი ვარიანტი არსებობს: ერთი არის უშუალოდ „ქართული ოცნების" ხელში: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, ამ ადამიანების, რომ სასამართლოს დართონ ნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მის გადაყვანასთან დაკავშირებით ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. მეორე არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელში რომ შეიწყალოს. გულწრფელად გითხრათ, ორივე ბერკეტი საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია. როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება ამ შემთხვევაში, თუმცა, არსებობს სხვა გზა - ეს არის საქართველოში დიდი ერთიანობის ჩვენება", - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×