რეზონანსი
28.11.2022

ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და საზოგადოების თითოეული წევრის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ის, რომ ძალადობა არის სირცხვილი, ეს უნდა გაითავისოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ნებსით თუ უნებლიეთ მხარს არ უნდა უჭერდეს მოძალადეებს,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულს გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი.

„მოგეხსენებათ, პოლიციამ უსწრაფესად, დანაშაულიდან დაახლოებით 2 საათში მოახდინა დამნაშავე პირების გამოვლენა და დაკავება. მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული, ეს არის 15- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. რა თქმა უნდა, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი,"- განაცხადა დარახველიძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს საპატრიარქოს პოზიციას, რომელიც მედიას აკისრებს პასუხისმგებლობას, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე მხოლოდ მეცნიერულ დასკვნაზე დაყრდნობით შეუძლია ისაუბროს.

„ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის პირობების გარემოების შესწავლა ხდება შესაბამისი კვლევების საფუძველზე, სანამ არ იქნება ასეთი კვლევები, რომელიც მოგვცემს ზუსტ, მეცნიერულ დასკვნას, თუ რა იწვევს კონკრეტულ დანაშაულს, გამიჭირდება გამომწვევი მიზეზები შევაფასო", - აღნიშნა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ატარებენ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მოძალადეების მიმართ, თუმცა, აუცილებელია სხვა მიმართულებით მუშაობაც.

„2017-18 წლების შემდეგ მნიშვნელოვნად გადაიხედა კანონმდებლობა, 10 000- მდე ორდერი გამოიცემა ყოველწლიურად, 5 000- მდე საქმეზე იწყება გამოძიება და თუ გადავხედავთ პენიტენციურ სისტემაში პატიმრების რაოდენობას, ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამ მიმართულებით, თუმცა, მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო, ახლა არის დრო, რომ ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, ის, რომ ძალადობა არის სირცხვილი, ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა წევრმა საზოგადოების და ნებსით თუ უნებლიეთ მხარს არ უნდა უჭერდეს მოძალადეებს,"- განაცხადა დარახველიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×