რეზონანსი
27.11.2022

"მაშინებს მამაჩემის მდგომარეობა" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა Netgazet-თან ინტერვიუში განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილმა ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რაც უფრო მეტად დააყოვნებს ხელისუფლება მიხეილ სააკაშილის საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესს, მით უფრო შეუქცევადი შეიძლება გახდეს მგომარეობა.

"ბევრად უკეთესი იქნებოდა,თავიდან ბოლომდე ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდანაც მხარდაჭერილი, მაგრამ ისევ იმას ვუბრუნდები, რომ ენდობიან თუ არა „ემპათიას", სხვა საკითხია, მათ იციან რეალობა და მგონი, ეს დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევადად არ დაზიანდეს. შეიძლება რაღაცები უკვე შეუქცევადია. ეს არის უკვე რისკთან თამაში, რომელიც რაც დიდხანს გაგრძელდება, იზრდება შანსები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდება. მესმის, რომ პოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეგრევე არ გაუშვათ. ადამიანურად არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მათ ეს სჭირდებოდათ საკუთარ ამომრჩეველთან ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში, მისი იქ დატოვების მორალური და პოლიტიკური ზიანი გადაწონის მისი იქ დატოვების სარგებელს. ეს როდის მოხდება და გვიანი იქნება თუ არა, უკვე სხვა საკითხია.

მე მაშინებს, ხვალაც რომ გამოვიდეს, გადაიყვანონ სადმე და იმკურნალოს, შეძლებს კი დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას? აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია. შეხვედოთ შესაძლო შედეგს - მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, უცხოეთი მკურნალობენ... ოპოზიცია, მგონი, ამ ყველაფრის გამო დასუსტდა კიდეც, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყოს საკმარისი არაფრისთვის; ხოლო „ქართული ოცნება" გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის. შეიძლება მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ წესით ეს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები. მაგრამ ოპტიმიზმი მაქვს, ეს საჭიროა. იმდენად მძიმე სიტუაცია, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამერიკიდან სამედიცინო დასკვნას ელოდებიან, რომელიც შემდგომ სასამართლოს წარედგინება. ადვოკატების თქმით, დასკვნის საფუძველზე ისინი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×