რეზონანსი
07.10.2022

როდესაც ვსაუბრობთ მედიის დაცვაზე, უნდა ვიცავდეთ ყველა მედიას და ყველა მედიის მიმართ თანაბრად უნდა გვქონდეს გამძაფრებული ჩვენი დამოკიდებულება და არა შერჩევითი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს უსმენენ.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს მიუკერძოებლობისა და აპოლიტიკურობის კრიტერიუმებს.

„არის ორი კრიტერიუმი, რომელსაც სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს და ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც უნდა იცავდეს. ეს არის პირველი მიუკერძოებლობის და მეორე აპოლიტიკურობის. როდესაც მიუკერძოებლობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ ჩვენი ამოცანა არის ქალთა უფლებების დაცვა, მთავარია, რომ ის არ იყოს შერჩევითი. სამწუხაროდ, ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არის გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის მხრიდან და არ გვახსენდება არც ერთი განცხადება, უმრავლესობის წევრი ქალი დეპუტატები, ქალი პოლიტიკოსები. არ გვახსენდება მათ მიმართ კიბერბულინგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვა სახის დისკრიმინაციული გამოვლინებები. გვახსოვს, როდესაც ორსული პარლამენტის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით ჰქონდა იყო დისკრიმინაციული კამპანია და სიძულვილის ენა.

როდესაც ვსაუბრობთ მედიის დაცვაზე, უნდა ვიცავდეთ ყველა მედიას და ყველა მედიის მიმართ თანაბრად უნდა გვქონდეს გამძაფრებული ჩვენი დამოკიდებულება და არა შერჩევითი. აქაც ხშირად მოვისმინეთ დღეს, სახალხო დამცველი საუბრობდა უმრავლესობის მხრიდან მედიის მიმართ დამოკიდებულებაზე და არაფერი არ უხსენებია ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ქმედებაზე, ჩვენ გვაქვს იგივე. არჩევნების ჭრილში იყო ეს საუბარი, გვახსოვს, როდესაც დახურვით ემუქრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ძალიან ბევრი ღირსებისშელმახავი განცხადება იყო, მათ შორის პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ სხვა მაუწყებლების მიმართ, მათ შორის „იმედის", „პოსტივის" თუ სხვა ტელევიზიების მიმართ. ამას არასდროს არ იმჩნევს სახალხო დამცველი, რაც არის სამწუხარო და ეს ერთგვარი ორმაგი სტანდარტია.

როდესაც აპოლიტიკურობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ჯანსაღი დამოკიდებულება გვაქვს კრიტიკისადმი და კრიტიკა ეს არის ყოველთვის მისაღები. პირველ რიგში ის უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის არგუმენტებს და ეს არგუმენტები უნდა იყოს ობიექტური და რელევანტური. როდესაც სახალხო დამცველი აკეთებს განცხადებას პრემიერ-მინისტრის ლეგიტიმაციაზე და ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე, ვფიქრობ, ეს არ არის კრიტიკა, ეს არის პოლიტიკური შეფასება, რომელსაც კავშირი არ აქვს კრიტიკასთან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×