
თუკი მთავრობის გადადგომა, ამ მიზნით მიტინგის და აქციების გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ კელი დეგნანის განცხადებას დავეთანხმები თავიდან ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აშშ-ის ელჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზოგჯერ არასასიამოვნოა სამოქალაქო საზოგადოების შეფასების მოსმენა, მაგრამ ეს მათი როლია.
„მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო [კელი დეგნანს], მაგრამ ამის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას. ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში და რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს",- განაცხადა მდინარაძემ.