რეზონანსი
05.10.2022

საპარლამენტო ჯგუფ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მიმართა, დაინტერესდეს სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების პრობლემით. 

,,რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი იზრდება 125 ლარით, რაც ძალიან კარგია, მასწავლებლები ბევრად მეტსაც იმსახურებენ. მაგრამ მინდა ბატონ ღარიბაშვილს შევახსენო, რომ 125 ლარი საერთოდ არ აქვთ მუსიკის მასწავლებლებს, ხატვის მასწავლებლებს და სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ სხვა მასწავლებლებს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ მიტოვებულები, მათზე არავინ საუბრობს. დისკრიმინაციული მიდგომაა, როდესაც ყველას რაღაცა ემატება, საჯარო მოხელეებს 10%-ით ეზრდებათ ხელფასი და ამ ხალხს არასოდეს არაფერი ემატება. მათ, ფაქტობრივად, ხელფასი არ აქვთ, ენთუზიაზმზე მუშაობენ და ამაზე არავინ საუბრობს. არაერთხელ მქონდა მცდელობა, ეს თემა გამეაქტიურებინა, ყველა საქმის კურსშია, ყველა მეთანხმება, მაგრამ არანაირი ნაბიჯი იდგმება.

სკოლის მასწავლებლებს აქვთ პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სისტემა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გამოდის, რომ მუსიკის მასწავლებელი არც კარიერულად და არც პროფესიულად არ უნდა განვითარდეს, მათ საერთოდ მასწავლებლის სტატუსიც კი არ აქვთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. არ მესმის, რატომ არის, პირობითად, ისტორიის ან ბიოლოგიის მასწავლებელი მასწავლებელი და ფორტეპიანოს ან ხატვის მასწავლებელი არ არის მასწავლებელი?! რადგან ეს ხალხი გზებს არ კეტავს და ქვებს არ ისვრის, ხომ არ შეიძლება მათი ყველაფრისგან გარიყვა? 

ბევრჯერ მივმართე განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრს... საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ლარზე, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას ასე თუ ისე მოაგვარებს, მაშინ როცა ასეულობით მილიონი ლარით იზრდება მთელი რიგი მიმართულებებით დაფინანსება. დღეს ეს ადამიანები რასაც იღებენ, ამას ხელფასი არ ჰქვია. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ დავკარგოთ შესაძლებლობა, ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება ამ მიმართულებით? “- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×