რეზონანსი
04.10.2022

ყველაზე სასაცილო არის ის, რომ „ოთხეული" ამბობს, ჩვენ იმიტომ გამოვეყავით „ქართულ ოცნებას", რომ ბევრი ვილაპარაკოთო და ისეთი 5-ეული გადაიყვანეს, რომელიც არის ყველა უტყვი. არც ერთი არაფრის მთქმელი არ არის, მაგათი არც ერთი გამოსვლა და გაკეთებული განცხადება არ მინახავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.

მისივე თქმით, „ვითომ „ქართული ოცნებიდან" გამოყოფილი ჯგუფი", სწორედ იმის გამო შექმნეს, რომ პრორუსულად განწყობილ ადამიანებში, სადღაც 10%-დან 15%-მდე ხმები ეგულებათ.

„ივანიშვილს უნდა, რომ დასავლელიც თვითონ იყოს, პრორუსიც თვითონ იყოს, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც, სასამართლო ხელისუფლებაც და პარლამენტიც. რაღაც აბსურდში გადაჰყავს ეს პროცესი. არანაირი გამიჯნული ეს ხალხი არ არის. გურამ მაჭარაშვილი ერთი ოთახიდან მეორე ოთახში ვერ გავა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ყველაზე სასაცილო, ირონია არის ის, რომ ჩვენ იმიტომ გამოვეყავით „ქართულ ოცნებას", რომ ბევრი ვილაპარაკოთო და ისეთი ხალხი გადაიყვანეს, ეს 5-ეული, რომელიც არის ყველა უტყვი. არც ერთი არაფრის მთქმელი არ არის, მაგათი არც ერთი გამოსვლა და გაკეთებული განცხადება არ მინახავს. ეს ყველაფერი არის ფარსი და მე ველოდები, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ალბათ, ამ პირობებში არ და ვერ მოგვცემენ და „ქართულ ოცნებასთან" ერთი დიდი შერკინება მოგვიწევს ხალხთან ერთად", - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას, რომ „პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია და მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგას", პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ წყარო მზად არის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, უსაფრთხოების გარანტიების არსებობით, იმ მტკიცებულებებზე ისაუბროს, რომელიც დაადასტურებს, რომ რუსეთის რეზიდენტურა „ქართულ ოცნებასთან" პირდაპირ კონტაქტზეა.

„რუსეთთან კონტაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ჩვენ მხარი დაუჭირეთ და მაგ საკითხზე კენჭისყრა უნდა იყოს. ოპოზიციის სრული მობილიზაცია იქნება და თუ გამოგვივიდა, 50 ხმა თუ შევაგროვეთ, ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება. ის წყარო, ინფორმატორი, ვისაც აქვს მტკიცებულებები „ეფ-ეს-ბეს" მაღალჩინოსნებთან „ქართული ოცნების" ლიდერების კონტაქტთან და რეზიდენტურასთან დაკავშირებით, მზად არის, გარკვეული დაცვის გარანტიების ქვეშ, ამ თემაზე ღიად ისაუბროს. ამიტომ გიორგი ვაშაძის განცხადება არ არის უპასუხისმგებლო," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×