რეზონანსი
25.09.2022

ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ 25-29 სექტემბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის პრეცედენტიც საქართველოში არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან 2014 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს; 2017 წელს ჩატარდა რეგიონული კონფერენცია საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ 2020 წელს გლობალური კონფერენციის ჩატარების უფლება მოიპოვა, თუმცა გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.

ნათია მერებაშვილის განცხადებით, დღეს უკვე ოფიციალურად იხსნება 27-ე გლობალური კონფერენცია, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, კონფერენციას 60-ზე მეტი ქვეყნის 300-ამდე დელეგატი დაესწრება, პროკურორები, მათ შორის გენერალური პროკურორები, გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სხვა მაღალი რანგის ექსპერტები. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, დატვირთული იქნება მსოფლიოსთვის გლობალურად აქტუალური თემებით, როგორიცაა - კიბერდანაშაულის ახალი სახეები, ციფრული მტკიცებულებები, პანდემიიდან გამომდინარე გამოწვეული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაცია, კორუფციული დანაშაული და ა.შ.

"გარდა ძალიან დატვირთული პროფესიული შეხვედრებისა, პროგრამა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრებს საქართველოს კულტურა გავაცნოთ, ეროვნული საგანძურები ვაჩვენოთ და მათ ღირსეული და დასამახსოვრებელი მასპინძლობა გავუწიოთ" - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×