რეზონანსი
12.08.2022

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

კერძოდ, საუბარია იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების იმ განცხადებებზე, სადაც აღნიშნავენ, რომ იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს (https://bit.ly/3zONri8) რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×