რეზონანსი
12.08.2022

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით 250-300 ათასიდან 500-600 ათასამდე მერყეობდა. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს.

დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი” („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, ევროპელებს ეძახდნენ.)

ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა. ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო —„დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×