რეზონანსი
08.08.2022

ახალქალაქის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის საქმეზე, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებს სამსახურებრივ გულგრილობაში სდებენ ბრალს.

ახალგაზრდა ქალმა, მზისა ზაზაძემ, 30 ივლისს „ევექსის“ ქსელის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში 3 აგვისტოს გამოწერეს, რის შემდეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ახალგაზრდა ქალი ახალქალაქის ჰოსპიტალში 6 აგვისტოს მოათავსეს. იგი 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის საქმეზე დაწესებულებამ შესწავლა დაიწყო. აქვე განმარტავენ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე გადაწყდება რომელი სამედიცინო დაწესებულების შესწავლა განხორციელდება, ახალქალაქის ჰოსპიტლის თუ ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, შესაბამისი დასკვნა, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

„ანალიზები აღებულია და გამოკვლევები მიმდინარეობს. მასალები გადაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თბილისში. დასკვნის პასუხი ერთ თვეში გახდება ცნობილი“,–ამბობს იგი.

გარდაცვლილის, მზისა ზაზაძის და, მთვარისა ზაზაძე ჩვენთან საუბარში გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ქრონოლოგიას გვიყვება. 

მთვარისა ზაზაძის თქმით, მისი და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სამშობიაროდ 29 ივლისს მიიყვანეს.

„29 ივლისს შევიყვანეთ სამშობიაროში. 30 ივლისს, 11 საათზე უკვე ეყოლა ბავში. მშობიარობის შემდეგ, როგორც საავადმყოფოში გვითხრეს, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. სამშობიაროში შეყვანისას ახველებდა, მაგრამ საგანგაშოდ არა. მანამდე ექიმმა უთხრა, რომ შენ ეტყობა რაიმე ვირუსი გქონდაო. როგორც თვითონ გვითხრეს, ფილტვებზეც მოუსმენიათ, ყველანაირად გაუსინჯავთ. თუ ფილტვებზე მოუსმინა ექიმმა, ხომ უნდა მიეცა რამე მითითება, რომ ან წამალი დაელია, ან დარჩენილიყო საავადმყოფოში და არ გამოეწერათ. მაინც გამოწერეს“,–ამბობს ის.

მისი თქმით, შემდეგ, ახალქალაქის ჰოსპიტალში ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რომ გარდაცვალებამდე მზისა ზაზაძეს ფილტვებში წყალი ჰქონდა, მუცლის ღრუში შინაგანი სისხლდენა, თირკმელები კი გათიშული.

„მზისა მეხუთე დღეს, 3 აგვისტოს წამოვიყვანეთ. ფილტვებში წყალი ჰქონდა. არ გაუსუფთავეს და სისხლი მოეწამლა. მანამდე, მზიკომ უთხრა ექიმებს, რომ მკლავი მიბუჟდებაო, რაზეც უთხრეს, რომ ბუნებრივი მოვლენაა და გაგივლისო. გამოწერისასაც ახველებდა. სახლში ყოფნის დროს, დედაჩემისთვის უთქვამს, რომ ცოტა მუცელი მტკივაო. შეშუპებული ჰქონდა მუცელი. მკლავზეც უთქვამს დამიბუჟდაო, მაგრამ დედაჩემისთვის უთქვამს, ექიმებმა მითხრეს გაგივლისო. რას წარმოიდგენდა, რომ ამ მდგომარეობაში იყო. თირკმელები სულ გათიშული ჰქონია, ცალი ფილტვი ჩაკეტილი. სახლში ყოფნის მესამე დღეს, 6 აგვისტოს, თავისი ფეხით მივიდა ექიმთან, ახალქალაქში“,–გვიყვება იგი.

მთვარისა ზაზაძე იხსენებს, რომ ახალქალაქის ჰოსპიტალში მოთავსებისას, მისი დის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა.

„ექიმმა რომ დაინახა, ფერი არ მოეწონა. შოკის მდგომარეობა ახალი დაწყებული ჰქონდა. იქ უცებ დაუვარდა წნევა, სატურაცია და სხვა ყველაფერი რაც გაუზომეს არ ჰქონდა ნორმაში. შოკურ მდგომარეობაში რომ ჩავარდა, გონზე ვეღარ მოიყვანეს. ერთხელ გული გაუჩერდა, მერე პალატაში რომ შეიყვანეს მერეც და კატასტროფა რომ გამოიძახეს, უნდა გადაეყვანათ თბილისში, მაგრამ მაგ დროსაც გული გაუჩერდა და ვერ წაიყვანეს. ახალქალაქის ექიმებმა, რაც შეეძლოთ ყველანაირი ყურადღება მიაქციეს ჩემს დას. ჩვენ ახალციხელი ექიმების ბრალს ვხედავთ, რადგან იქიდან არ უნდა გამოეწერათ თუკი ასეთი მდგომარეოება ჰქონდა“,–ჰყვება ის.

მისი თქმით, ახალქალაქში, გარდაცვლილი მზისა ზაზაძის ექიმების ვარაუდით, მდგომარეობის გაუარესება ახალციხეში არასათანადო მკურნალობამ და საგანგაშო სიმპტომებზე არ/ვერ მკურნალობამ გამოიწვია.

„ახალციხეშივე ჰქონდა ფარული სისხლდენა, მშობიარობის შემდეგ. აქ, ახალქალაქში რომ ვესაუბრე ექიმებს, მითხრეს, რომ ახალციხის ექიმების ბრალიაო. ფილტვებში წყალი აქვს და ამ მდგომარეობაში გამოწერეს ახალციხიდან და ყურადღება რატო არ მიაქციესო, ვერ მიხვდნენ მუცელი რომ შეშუპებული ჰქონდაო. ექიმების დაუდევრობით მოხდა. როგორც ვიცით, ეს იყო ანაფილაქსიური შოკი, რომელიც გამოიწვია სისხლის მოწამვლამ. ახალციხიდან გაწერის დროს, არანაირი სახის მკურნალობა არ დაუნიშნავთ. მხოლოდ ბავშვს გამოუწერეს დანიშნულება“,–ამბობს მთვარისა ზაზაძე.

მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ოჯახს უმალავენ ინფორმაციას იმ მორიგე ექიმის შესახებ, ვინც მზისა ზაზაძე ამშობიარა. ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება.

„ვინ იყო მორიგე ექიმი არ გვიზუსტებენ და გვიმალავენ, ნომერსაც კი არ გვაძლევენ. ექიმების დაუდევრობით მოხდა ყველაფერი. ახალციხის კლინიკაში გვითხრეს, რომ ჩვენ რას გვადანაშაულებთ, ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, სადაც გინდათ იქ გვიჩივლეთო. ჩვენ გვაინტერესებს რამ გამოიწვია ჩემი დის გარდაცვალება. პასუხი უნდა აგონ, რომ შემდგომში ასეთი რამ არ განმეორდეს და მორიგი მსხვერპლი არ ჰყავდეთ ვინმე“,–აცხადებს გარდაცვლილის და.

ოჯახის ეჭვებზე და ინფორმაციაზე დამატებითი კომენტარისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. მათი განცხადებით, დეტალურ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემენ.  

„პირველ რიგში, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო და მთელი გულით მივუსამძიმროთ ოჯახს. ახალგაზრდა ქალმა ახალციხის ჰოსპიტალში 30 ივლისს, ფიზიოლოგიურად, გართულებების გარეშე იმშობიარა. პაციენტის მართვა მიმდინარეობდა ქვეყანაში გათვალისწინებული პროტოკოლების სრული დაცვით. საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდში მისი მდგომარეობა იყო სტაბილური.  პაციენტი ბინაზე 3 აგვისტოს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზები შესაბამისი ორგანოების მიერ სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენს ინტერესებში შედის“,–აცხადებენ „ევექსის“ ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

წყარო: sknews.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×