რეზონანსი
08.08.2022

შემოდგომისთვის რძის პროდუქტების გაძვირება დაანონსდა. შროტის საბაჟო ფასი გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რძის პროდუქტზე ფასი დაანონსებულზე უფრო მეტად, სავარაუდოდ, 20-30%-ით გაიზრდება. შროტი ის კომპონენტია, რომელიც საქონლის კვებისთვის აუცილებელია და მეწველი ძროხების რაციონში აუცილებლად შედის. სამწუხაროდ, გაძვირდება ზეთიც და რაც მთავარია, გაძვირდება პურ-პროდუქტები, რადგან ძალიან დიდია იმის შანსი, რომ რუსული ხორბალი თურქეთიდან შემოვიტანოთ, რაც ტრანსპორტირების ხარჯს გააძვირებს. რატომ? იმიტომ, რომ ხორბალიც და პურის ფქვილიც, ჯერ რუსეთ-თურქეთის საბაჟოს გაივლის, მერე ქართულს და ორმაგად განბაჟებული უფრო ძვირი ეღირება.

დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ ისიც, რომ 1-ელი იანვრიდან მოიმატებს ელექტროენრგიისა და გაზის გადასახადი. ამის თაობაზე სემეკთან შეთანხმებას კომპანიებმა უკვე მიაღწიეს და ახლა უბრალოდ ახალ წელს ელოდებიან. გაზის ტრანსპორტირების რა გითხრათ, არაფერი შეცვლილა, აი, ელექტროენრგია კი...

„დენის ბოძები, კაბელები და ზოგადად, ყველა საჭირო ინვენტარი უკრაინიდან შემოდიოდა. ახლა ეს ხაზი გაჩერებულია და შემოგვაქვს თურქული ან ჩინური, რომელიც სწორედ უკრაინაში ომის გამო, უფრო ძვირი და უფრო ცუდი ხარისხისაა, მალე ფუჭდება და კვლავ ახლის ყიდვა გვიწევს. შედეგად, კომპანიას გაეზარდა ხარჯი, რაც ელექტროენრრგიის საფასურის გარდა, ვერაფერში ვერ აისახება. ამიტომ, მატება იქნება და ეს გარდაუვალია",-გვითხრა „ენერგო პრო ჯორჯიას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

დენის და გაზის მატებასთან ერთად, სხვა პროდუქტებიც რომ გაძვირდება, თქმა არ უნდა. ამიტომ, წესით უმძიმესი ზამთრისთვის უნდა მოვემზადოთ. არაერთი ადამიანი კითხულობს, რატომ არის, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება და პროდუქტებზე ფასები არ იკლებს. ეს იმიტომ, ბატონებო, რომ ლარი თითქმის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც დოლართან მიმართებაში მყარდება, დანარჩენი მსოფლიოს ვალუტა, დოლართან მიმართებაში უფასურდება. ეს ეხება ევროსაც და ფუნტსაც. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს გამყარება ეროვნული ბანკის „სინდისზეა", რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურადაა გაკეთებული და შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე ამ გამყარებას შედეგი არ აქვს. აი, როცა ლარი ხელოვნურად კი არა, ეკონომიკის წინსვლით გამყარდება, მაშინ ფასების დაკლებაზეც იქნება შესაძლებელი საუბარი. მანამდე კი...

„ვისაც ფული აქვს, ახლა დოლარს და ევროს უნდა ყიდულობდეს და ინახავდეს, რადგან ლარი აუცილებლად გაიქცევა და დიდი დანაზოგის შემთხვევაში, სოლიდური მოგების ნახვა შეიძლება", - ეს ერთ-ერთი გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა გვითხრა და ისიც დააყოლა, რიგითი ადამიანები ამას ვერ მოახერხებენ, ჩინოვნიკებს კი იმდენი ფული აქვთ, გადახურდავებას და ლოდინს არ დაიწყებენო.

წყარო: alia.ge

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×