ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არსებობს მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო.
„როგორც ცნობილია, სასამართლომ რვავე ბრალდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება და მათ პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქმეზე ნებისმიერი მათგანის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს",-განაცხადა პროკურორმა.
დავით ყაზარაშვილის თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს.
„კონფლიქტი დაიწყო მხარის გაკვრით, რის შემდეგაც ეზოში ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს. შემდეგ უკვე გარდაცვლილს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის გაგრძელდა ეს კონფლიქტი ეზოს გარეთ, ქუჩაში, სადაც მკვლელობა მოხდა",- განაცხადა პროკურორმა.
როგორც მან აღნიშნა, მომხდარ ფაქტს მოწმე შეესწრო, თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი არ აკონკრეტებს, ვინ არის მოწმე.
„საქმის მასალებით და ადამიანების დაკითხვით ჩანს, რომ იყვნენ მირიან კუკავა, ბრალდებული და ერთი სხვა მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი შეესწრო ფაქტს, იქ იმყოფებოდა იმ დროს და სხვადასხვა მოვლენებს აღწერს. რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს, ბრალდებულიც აღიარებს ამ ყველაფერს",-განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ვინც საქმეზე ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული, ყველა ჩხუბობდა. როგორც პროკურორი განმარტავს, ეს საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.