რეზონანსი
30.06.2022

კელი დეგნანმა თავისუფლებასა და დემოკრატიული ღირებულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ იბრძოდა ამ თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის 246 წლის წინ და იცავს მათ დღესაც.

აშშ-ის ელჩის თქმით, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს.

როგორც ელჩი აცხადებს, ეს არ ნიშნავს ომის სურვილს და სრულიად საპირისპიროდ, „თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ".

„მოხარული ვარ, რომ კვლავ პირადად გხედავთ ყველას აქ, ამერიკის საელჩოში. სწორედ ასეთი უნდა იყოს 4 ივლისის ზეიმი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.

4 ივლისს აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა ქვეყანას, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული. 246 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხი რჩება ამ პირობის ერთგული დემოკრატიის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის განხორციელებული საქმითა და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის გაწეული ძალისხმევით, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში.

ჩვენ ვიბრძოდით ამ თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის 246 წლის წინ და ვიცავთ მათ დღესაც, ვუცხადებთ რა მხარდაჭერას მათ, ვინც თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის, მათ შორის უკრაინაში. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლებას გაქრობისაგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს. ის უნდა დავიცვათ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ ისინიც ასე მოიქცნენ."

თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს. ეს არ ნიშნავს ომის სურვილს, სრულიად საპირისპიროდ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ.

ქართველებმა და ამერიკელებმა კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ადვილი საქმე არ არის - იქნებოდა ეს 1776 წლის ამერიკა, თუ 1921 წელი- საქართველოში, ევროპის ორი მსოფლიო ომის პერიოდი, თუ საბჭოთა კავშირის დაშლა. ჩვენ ვნახეთ ეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის გაუმართლებელი შემოჭრის დროს და ამას ვხედავთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბარბაროსულ ომში. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის, თანამედროვე წესებზე დაფუძნებულ წესრიგსა,--რომელმაც სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპას 75 წლის განმავლობაში --და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის, რომელსაც, სისასტიკე, შევიწროება და შიში მართავს",- აღნიშნა მან.

კელი დეგნანმა უკრაინაში რუსეთის ომზე ისაუბრა და აღშნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რაც გულისხმობს ბრძოლას უმთავრესი დემოკრატიული პრინციპებისთვის.

„რატომ ვსაუბრობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე დამოუკიდებლობის დღეს? იმიტომ რომ, უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რაც გულისხმობს ბრძოლას უმთავრესი დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომლებიც აერთიანებს ყველა თავისუფალ ერს --ეს არის ბრძოლა ზუსტად იმ პრინციპებისთვის, რაც ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა განამტკიცა კონსტიტუციაში და რის განხორცილებისკენაც ისწრაფის: კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის, წერის და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და ეთიკური პრესა. „ ხალხის, ხალხისთვის და ხალხის მიერ" ხელისუფლების ცნება გულისხმობს თითოეული პიროვნების თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსების დაცვის პასუხისმგებლობას; მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კონსტიტუციური ღირებულებების დარღვევის გარეშე, როგორიც არის სამართლიანი სასამართლო პროცესი და დაცვის გარანტიები ყველასათვის. ამ პრინციპების დაცვა არც თუ ისე ადვილია , მაგრამ აუცილებელია თავისუფალ საზოგადოებაში, რათა თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სრული პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა", -აღნიშნა მან.

კელი დეგნანის განცხადებით, რევანშისტული რუსეთი არ დამშვიდდება, თუ საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენ მიერ საგულდაგულოდ ნაშენებ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ელჩის განცხადებით, ევრო-ატლანტიკური ერთა ოჯახი მოწოდებულია მათ დასახმარებლად , ვისაც სურვილი აქვს დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები.

ამასთან მისი თქმით, საქართველო ეკუთვნის ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახს და მოუთმენლად ელიან მის სრულუფლებიან წევრობას.

„დიდი ხნის მანძილზე ბევრი შეეცადა ავტოკრატიულ კრემლთან საერთო ენის გამონახვას. მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ რევანშისტული რუსეთი არ დამშვიდდება, თუ საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენ მიერ საგულდაგულოდ ნაშენებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები. ის შესანიშნავი სოლიდარობა და ერთიანობა, რაც ბოლო ხანებში ვიხილეთ რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ, გვაჩვენებს რომ ევრო-ატლანტიკური ერთა ოჯახი მოწოდებულია მათ დასახმარებლად , ვისაც სურვილი აქვს დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები. ჩვენ კვლავ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული მომავლის და ვაგრძელებთ მისკენ სწრაფვას. საქართველო ეკუთვნის ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახს და მოუთმენლად ველით მის სრულუფლებიან წევრობას.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო წლებში ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ავტოკრატიული ძალები დემოკრატიის ჩახშობას კანონი უზენაესობის უგულებელყოფით, დემოკრატიული თავისუფლებების შეურაცხყოფით, სიმართლისა და ღირსების უპატივცემულობით. პუტინის მცდელობა, რომ სასტიკი აგრესიითა და დეზინფორმაციის გავრცელებით შექმნას დაპირისპირება და გააფართოოს ავტოკრატიული რეჟიმი არის პირდაპირი გამოწვევა ამ ფუნდამენტური პრინციპების მიმართ.

დასავლეთმა კი სიმტკიცით, ძლიერი ერთობითა და ურყევი ნებით გასცა პასუხი ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დასაცავად. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა ..." სიბნელე, რომელიც ავტოკრატიის მეგზურია ვერ შეედრება თავისუფლების ელვარებას , რომელიც თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან ანათებს"

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ხალხი აფასებს თავისუფლებას, უფრთხილდება თავის უნიკალურ კულტურას , ენასა და ტრადიციებს. ამერიკელების მსგავსად ქართველებსაც სურთ მშვიდობა , უსაფრთხოება, სამართლიანობა, თანასწორობა და ღირსება. არაფერი „უცხო" ამ პრინციპებში არ არის. ეს არ არის საქართველოზე თავს მოხვეული „დასავლური" ღირებულებები. ეს არის ფუნდამენტური ქართული ღირებულები, ჩაქსოვილი საქართველოს ისტორიაში, კულტურასა და ტრადიციებში თამარ მეფიდან ილია ჭავჭავაძემდე და ექვთიმე თაყაიშვილამდე . გზა თავისუფლებისკენ-- რაც ასე ძვირფასია ქართველებისთვის -- გზა სტაბილურობისა და კეთილდღეობისა - სწორედ ევროპისკენ მიემართება.

საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიის მშენებლობის კუთხით ბოლო 30 წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა ექვსი მილიარდის დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, რადგანაც ჩვენ გვჯერა უფრო წარმატებული, უფრო დემოკრატიული და უფრო უსაფრთხო საქართველოს მომავლისა. ეს ჩანს მრავალ ინდექსში, სადაც საქართველო კარგ ადგილს იკავებს. კრიტიკად არ უნდა ჩაითვალოს, თუ ვამბობთ, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით დემოკრატიული ჩარჩოს განმტკიცების, რასაც საქართველო გულდასმით აშენებდა და თქვენ მიერ შექმნილი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ამერიკის გამოცდილება გვიჩვენებს ,რომ ეს რთული სამუშაო არასოდეს მთავრდება. მას სჭირდება მტკიცე ერთგულება, რთული კომპრომისები და პოლიტიკური ნება.

ეს მოითხოვს ქვეყნის ინტერესების ვიწრო პარტიულ ინტერესებზე წინ დაყენებას და არაფრის მომტან პოლიტიკურ თამაშებზე ამაღლებას. ეს ერთ დღეში არ მიიღწევა, და არც მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიის მიერ დამოუკიდებლად.

წარმატება დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად გაამართლებთ საქართველოს დევიზს „ ძალა ერთობაშია". ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას.

ჩემს სიტყვას დავასრულებ პაპის, იოანე-პავლე მეორეს სიტყვებით, რაც ასე შეეფერება დღევანდელობას, ვისწრაფვით რა მშვიდობიანი , თანასწორი და წარმატებული მომავლისკენ: " არასოდეს დაკარგო იმედი, არასოდეს დაეჭვდე, არასოდეს დაიღალო და არასოდეს გაიტეხო გული. არ შეგეშინდეს."

საქართველო და ამერიკა არის დასტური, იმისა რომ თავისუფლების მოყვარული ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობასა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე.

ჩვენ ერთიანები ვართ-ამერიკა და საქართველო-თავისუფლების სახელით.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო",- აღნიშნა დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×