რეზონანსი
29.06.2022

თბილისში, თემქაზე, 24 წლის ბიჭს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა გუშინ, 28 ივნისს, მოხდა. როგორც ბიჭის დედა ნეტგაზეთთან ამბობს, მისი შვილი ახლა საავადმყოფოში წევს და თავზე 5 ნაკერი ადევს.

დედის თქმით, მის შვილს თანაუბნელები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ქუჩაში მიდიოდა. მისი თქმით, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ის გამხდარიყო, რომ შვილს საყურე ეკეთა.

„დასვენების დღე ჰქონდა ჩემს შვილს და მეგობართან მიდიოდა. ხელოვანი ბიჭია, სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, ცოტა განსხვავებული სტილი აქვს. გუშინ ჩვეულებრივად ეცვა ქურთუკი, თეთრი პერანგი, შავი შარვალი და საყურე ეკეთა. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია მათი აგრესია. თავს დაესხნენ არასრულწლოვნები, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი შვილიც მიუბრუნდა და პასუხი გასცა. თურმე სხვა დროსაც ხვდებოდნენ და რეპლიკებს ეძახდნენ, მაგრამ ჩემი შვილი ყურადღებას არ აქცევდა", - ამბობს დედა.

თუმცა არ შეუძლია თქმა, იყვნენ თუ არა გუშინდელი თავდამსხმელები ისინი, ვინც მის შვილს მანამდეც ხვდებოდნენ. როგორც დედა ამბობს, შვილმა მხოლოდ ორი თავდამსხმელის გახსენება შეძლო.

„ზუსტად არ ვიცი, რამდენი თავდამსხმელი იყო, მან ორი დაინახა და, როგორც იქ მყოფები ამბობენ, ჯგუფი იყო", - ამბობს ბიჭის დედა.

დედის თქმით, თავადაც და მისი შვილიც პოლიციამ უკვე დაკითხა.

„გამოძიება დაიწყო და დაკითხვაზე ვიყავი, თვითონ მასთანაც იყვნენ გამომძიებლები კლინიკაში და ველოდები შედეგს. საბედნიეროდ, ტვინის შერყევა არ აქვს, მაგრამ თავზე 5 ნაკერი ადევს და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არ ექნება კარგი. გუშინ მითხრა, რომ მე თემქაზე აღარ ვიცხოვრებო", - ამბობს დედა ნეტგაზეთთან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

"ნეტგაზეთი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×