რეზონანსი
27.06.2022

 ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ თეთრი ფერის ტაქსი "ტოიოტა პრიუსი", რომელიც შემთხვევით ბიზნესმენის მანქანას უკან მოჰყვებოდა, დაქირავებულმა მკვლელმა გადაცხრილა.

ტაქსს მძღოლი, ელდარ ზარია, მართავდა და მას არასრულწლოვანი სახლში გადაჰყავდა, რა დროსაც სროლაში მოჰყვა. ის სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. მანქანას ე.წ ქილერის მიერ ნასროლი 8 ტყვია მოხვდა. ელდარ ზარია გამოძიებისთვის ოქროს მოწმეა, რომელიც ბიზნემსმენზე თავდასხმას შეესწრო.

მძღოლი იხსენებს, რომ ლევან კაჭარავას მანქანა მის წინ გადაადგილდებოდა და დაინახა, რომ მკვლელმა თავდაპირველად ჯერ ავტომობილის საბურავებს ესროლა, ამის შემდეგ კი მთელი მანქანა გადაცხრილა. ბიზნესმენი კაჭარავა ადგილზევე გარდაიცვალა.

თვითმხილველები "ტვ პირველთან" ყვებიან, რომ გასროლა მაშინ მოხდა, როცა ბიზნესმენის მანქანამ ტაქსს გადაასწრო.

"ეს მანქანა "აბგონს" უკეთებდა, რა დროსაც ტყვიები დაყარეს. საბურავებში ჰქონდა მოხვედრილი და გაჩერდა. 8 ტყვია აქვს ამ ტაქსს მოხვედრილი. მარჯვენა მხარეს კარებები აქვს დაცხრილული." - ყვება თვითმხილველი.

ოქროს მოწმე გამოძიებამ მომხდარიდან მალევე გამოჰკითხა, თუმცა, ის თავდამსხმელებს ვერ იხსენებს. ელდარ ზარია მხოლოდ იმას იხსენებს, რომ მას და ბიზნესმენის მანქანასაც ტყვიები გვერდიდან მოხვდა, ანუ ქილერი ფერდობზე იყო ჩასაფრებული და ჩასაფრებაში რამოდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

მკვლელობა ბაგებში - დაქირავებულ მკვლელს გომელაურის უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. იდენტიფიცირებულია თუ არა მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი, უცნობია.

რა გახდა 53 წლის ბიზნესმენის მკვლელობის მიზეზი ლევან კაჭარავას ოჯახის წევრები არ საუბრობენ. დუმს შსს-ც.

ლევან კაჭარავას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი 24 ივნისს, იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის კაკლების დასახლებაში საკუთარი სახლისკენ მიდიოდა. ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მსხვერპლის მანქანას ახლომდებარე ფერდობიდან 20 ტყვია ესროლა.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×