
მოძრაობა "სირცხვილიასა" და სამოქალაქო მოძრაობა -"შინ ევროპისკენ" წევრი, შოთა დიღმელაშვილი მოთხოვნაზე - ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, ამბობს, რომ შემადგენლობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები და არც მოქმედი პოლიტიკოსები.
დიღმელაშვილი ამბობს, რომ ეროვნული თანხმობით შექმნილი მთავრობის ერთადერთი მიზანი იქნება, მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის განმავლობაში.
"ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს.
ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.
ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით - მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე"- წერს დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციაზე - "საქართველო ოლიგარქიული მმართველობის გარეშე", მთავარი მოთხოვნები გაჟღერდა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. "ქართულ ოცნებას" ამ მოთხოვნების შესასრულებლად 1-კვირიანი ვადა მიეცა.