რეზონანსი
06.12.2021

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი არ იძლევა ინტრეპრეტაციის შესაძლებლობას.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია.

„განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია, შეგიძლიათ წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით. რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად რუსულად, ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს განათლების სამინისტროს და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას.

რაც შეეხება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს, მდინარაძის თქმით, აღნიშნულ სახელმძღვანელოში ყველა პრეზიდენტზეა საუბარი და მასში ჩანაწერები პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

„მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. იქ ყველა პრეზიდენტზეა საუბარი, რაც ვნახე. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დღეს რომ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას ასევე არ უნდა ექვემდებარებოდეს, განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ შეფასებები იქნება. როდესაც ფაქტებია, ამ ფაქტებს ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ.

არ ვიცი, რა ეწყინათ, ის რომ მეცენატად იქნა ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად. რომელი არ არის მართალი? მეცენატი არ იყო და არ არის, ქველმოქმედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას" და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის" როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×