რეზონანსი
04.12.2021

რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ბუნებრივია იმაზე მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნეტამც ასე ყოფილიყო, რომ მხოლოდ ორი პიჯაკის ყიდვაზე ყოფილიყო დადანაშაულებული - პირველი ვიქნებოდი ვინც ამას მხარს დაუჭერდა, რომ ასეთ ბრალდებით არ უნდა იქნეს წარდგენილი, მაგრამ აქ ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებზეა საუბარი, როგორიცაა „იმედისა“ და 7 ნოემბრის საქმეები, როგორიც არის გელაშვილის ცემის ამბავი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეც უნდა გვახსოვდეს - ეს საქმეები მწიფეა საიმისოდ, რომ სასამართლოში წარდგეს და პროკურატურა დაობდეს იმის თაობაზე, რომ მსჯავრი დაედოს პირს ამის თაობაზე. რასაკვირველია სხვა საქმეებზეც იგივე შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ იქ მტკიცებულებების ბაზა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტულ პირთა მხილება მოხდეს. რაც ციხეში ტრიალებდა ამის თაობაზე სააკაშვილს თუ ჰქონია იტყვის, რომ ჩემი ბრალი ეს არ არისო - გამორიცხულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×