რეზონანსი
26.11.2021

მისხალი აღარ არის დარჩენილი „ქართული ოცნების" მოქმედებებში იმის, რასაც სინამდვილეში ხელისუფლებაში ყოფნა უნდა ემსახურებოდეს , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ემსახურება ერთადერთ ამოცანას, რომ მმართველმა ძალამ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„რასაც ეს დღეებია საკრებულოებთან მიმართებით ვხედავთ, ამაზე უფრო მეტად ჟანრის კლასიკა არ არსებობს, იმის დასამტკიცებლად, რომ აბსოლუტურად, ფუნდამენტურად, ერთმნიშვნელოვნად და ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება" და საერთოდ სხვა არაფერი მათ დღის წესრიგში არ არის", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, აბსოლუტურად ტყუილია არგუმენტი, თითქოს „რამდენიმე ქალაქი ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა".

„ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდან, რომლითაც დაკავებულია საქართველოს ხელისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბიუჯეტს არ ამტკიცებს პარლამენტი ან საკრებულოები, ავტომატურად გრძელდება და მოქმედებს წინა წლის პარამეტრებით. ეს პრობლემა, რომ, ვთქვათ, ქალაქი ან რეგიონი ბიუჯეტის გარეშე დარჩებოდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

კარგი, წელს ამ ხრიკს მიმართეს და აბსოლუტურად უზნეოდ მოიქცნენ, მაგრამ 2022 წლის დეკემბერიც ხომ დადგება. მერე რა უნდა მოხდეს, ვის უნდა მიაღებინონ ბიუჯეტი, თუ ჰგონიათ, რომ უმრავლესობა ისევ მათ ექნებათ? აბსურდში არიან, ამიტომ ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში არის უკიდურესად მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარული, იმ წუთიერი ემოციის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის გაგრძელებაც არც „ქართული ოცნების" ლიდერებს, არც მათ მხარდამჭერებს და არც მათ მთავარ ლიდერს აქვს დანახული", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×