რეზონანსი
21.09.2021

ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა ბოლო კვლევები გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც აცხადებს, რომ მათი ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსისგან 94%-ით იცავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა კორონავირუსის წინააღმდეგ 81%-ით ეფექტიანია.

გამოცემა წერს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის ორ დოზას უკეთესი დაცვა აქვს Moderna-ს და Pfizer-ის ორ დოზასთან შედარებით, შესაბამისად, Johnson & Johnson-ის ვაქცინა ადამიანის იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს.

"ჩვენ გვაქვს რეალური მტკიცებულებები მე-3 ფაზის კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც ცხადყოფენ, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა უზრუნველყოფს ძლიერ და ხანგრძლივ დაცვას COVID-19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისგან", - აცხადებს დოქტორი მათაი მამენი, Janssen Research & Development-ის გლობალური ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა წარმოქმნის ძლიერ იმუნურ პასუხს და ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებას, ხოლო ეგრეთწოდებული „ბუსტერი“ დოზა კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს.

გამოცემა წერს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღება 6 თვის შემდეგ ადამიანის იმუნურ სისტემას თითქმის 12-ჯერ აძლიერებს, ნაცვლად 2 თვეში მიღებული მეორე დოზისა, რომლებიც იმუნიტეტს, დაახლოებით, 4-ჯერ ზრდის.

შეგახსენებთ, რომ Johnson & Johnson-მა სწაფი ავტორიზაცია აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოსგან 27 თებერვალს მიიღო და ვაქცინა, დაახლოებით, 14.8 მილიონ ამერიკელს გაუკეთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×