რეზონანსი
27.07.2021

26 ივლისს, 43 წლის ზაზა დავითაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი სექსზე უარის თქმის გამო მოკლა.  შემთხვევა 2020 წლის 6 ნოემბერს მოხდა. ბელარუსი ტატიანია ჩინჩიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნაქირავები ბინის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვნეს. მეგობარმა ის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ ნახა, ქალს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. 

პროკურორის დასკვნითი სიტყვის მიხედვით, ტატიანა ჩინჩიკს მსჯავრდებულმა ცივი იარაღით სიცოცხლეში 35 ჭრილობა მიაყენა.

მსჯავრდებული ჩვენებაში ამბობს, რომ ის რამდენჯერმე შეხვდა ქალს, 6 ნოემბრის დილას კი მასთან გაუფრთხილებლად მივიდა.

"ტელეფონზე ანგარიში აღარ მქონდა და ვერ დავურეკე, სახლში დამხვდა, მაგრამ არ შემიშვა, წინასწარ უნდა დაგერეკაო", - თქვა მან.

ამის შემდეგ, მსჯავრდებული ქალაქში გავიდა და ცოტა ხანში ისევ ქალთან დაბრუნდა.

"ბეტმენთან“ ვიღაცას ვთხოვე, დამარეკინე-მეთქი და დავურეკე ტატიანას. შევუთანხმდი და ისე მივედი... სექსი გვქონდა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ მომინდა სექსი, მაგრამ მან უარი მითხრა კატეგორიულად, პოლიციას გამოვიძახებ, თავს თუ არ დამანებებო…. მერე სამზარეულოდან დანა ამოიღო და ჩემი დაჭრა სცადა, დამჭრა კიდეც მარჯვენა ხელში, როცა დანის წართმევას ვცდილობდი. მერე მე მოვუქნიე დანა, ის ყვიროდა საშინლად, ბინდი გადამეფარა თვალებზე", - ამბობს ჩვენებაში ზაზა დავითაძე ["ბათუმელების" მიხედვით.]

ამის შემდეგ მსჯავრდებულმა, ტატიანა ჩინჩიკის ცხედარი აბაზანაში შეათრია, სისხლის კვალი მოწმინდა და წავიდა.

სასამართლოს სხდომას ბრალდებული არ დასწრებია, რადგან ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი დანაშაულის ჩადენის დროს, მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა. დაავადება, რომელიც განკურნებადია, ზაზა დავითაძეს წინასწარი პატიმრობის პერიოდში დაუდასტურდა. ის გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის.

წყარო: "ბათუმელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×