რეზონანსი
22.06.2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო Astrazeneca-ს ​განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა. როგორც მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება.

გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან დაუშვებელია ვაქცინაციის ისეთი მასშტაბების პირობებში, როგორიც ეს ივლისის თვიდან ქვეყანაში იქნება, მსგავსი სახის ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნას.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სრულიად გამორიცხავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა.

"ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. ამდენად ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სარიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე.

პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან გამორიცხა ის ფაქტი, რომ შექმნილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო, ადამიანმა, რომელსაც სჭირდება ვაქცინა, ის ვერ მიიღოს.

"სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, მიიღებენ შეტყობინებასაც და ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ,"- განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×