რეზონანსი
13.05.2021

ოზურგეთში, ფქვილის საწარმოში დასაქმებული მუშები მე-10 დღეა გაფიცულები არიან.

გაფიცული თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ. როგორც საწარმოს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე კვლავ არ არის მიღწეული, რის გამოც, ისინი აგრძელებენ გაფიცვასა და საპროტესტო აქციებს.

"გუშინწინ გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ დრო სჭირდებოდათ. მათ ითხოვეს ორი დღე, რათა ამ საწარმოს მეპატრონესთან ჰქონოდათ მოლაპარაკება. ასე აჭიანურებენ დროს, რაშიც გავიდა 10 დღე, რის გამოც წარმოებამ ნახა უდიდესი ზარალი.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასი ფიქსირებული 800 ლარი. აქამდე ჩვენ გვქონდა ფიქსირებულად 650 ლარი, მაგრამ იყო შრომითი ექსპლუატაცია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში 650 ლარი ეწერა, როგორც ფიქსირებული, ჩვენ გვამუშავებდნენ საათობრივ ანაზღაურებამდე და გვატყუებდნენ. ხან საათში 2 ლარი გამოგვდიოდა, ხან - 3, და თვის განმავლობაში ვაგროვებდით 12 სამუშაო დღეს, 15 დღეს, ხელფასს კი არასტაბილურად ვიღებდით, ხან 300 ლარს, ხან- 450 ლარს, ხანაც- 500-ლარს", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

გარდა ხელფასების მატებისა, გაფიცული თანამშრომლები ითხოვდნენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

"დაწესებულებაში უნდა მოეწყოს გამოსაცვლელი ოთახი და აბაზანა. გაფიცულები ითხოვენ სამზარეულოს კეთილმოწყობასაც, ხელმძღვანელობის მხრიდან დასაქმებულებისადმი პატივისცემასა და შესაბამის მოპყრობას, ხელფასის შრომა-საათებისა და ღამის ცვლების გათვალისწინებით, სამართლიან გამოთვლას; თანაბარ პოზიციებზე დასაქმებული პირებისთვის თანაბარ ანაზღაურებასა და დამლაგებლის შტატის შექმნას", - უთხრა გაფიცულთა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ნაწილმა ოზურგეთის ფქვილის საწარმოს თანამშრომლებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ფულის შეგროვება დაიწყო. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, უკვე შეგროვდა 1 700 ლარი, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებს გადაეცემათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×